თეგი: მეგი ბაქრაძე

ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექიმს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 მარტს,  ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს - ექთან მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.  ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა, რაც ვაქცინაციის შემდეგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო, შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა.   ვინაიდან მეგი ბაქრაძეს, ექიმის მიერ არ გაეწია დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი თბილისში, მდებარე „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადაიყვანა, სადაც მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.     ექიმის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს, მათ შორის ხსენებულ ექიმს აქვს ბრალდება წარდგენილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, - განაცხადა პოროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. „მეგი ბაქრაძე ჩვენს კლინიკაში შემოყვანის დროს გარდაცვლილი არ იყო", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ბრიფინგზე, 2021 წლის მარტში განაცხადა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ექთანი მეგი ბაქრაძე მათ კლინიკაში მიყვანის დროს, 19:45 წუთზე გარდაცვლილი იყო, სიმართელს არ შეესაბამება. როგორც რატიანმა აღნიშნა, კლინიკაში შეყვანის მომენტისთვის ექთანი ცოცხალი იყო, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა მიიღო და აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე დაკავებულის 5 000-ლარიან გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახის გამოყენებას არ დაეთანხმა. ცნობისთვის, ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი 28 დეკემბერს წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა. ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის.  

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. შესაბამის ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულები იყვნენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხვისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იმუნიზაციის ექიმმა მათი თანდასწრებით პაციენტს ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ბრალდებულს დაზარალებულისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 3-3 წლით, ხოლო ერთს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ორი ბრალდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდა ძებნა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, ერთ-ერთ ბრალდებულს ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების ფაქტზე, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილი) წარდგენილი აქვს ბრალდება და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

კოვიდვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვ. ი-ს ცრუ ჩვენების მიცემისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიაშვილმა მას სასჯელის უმაღლესი ზომა დააკისრა. ბრალდებულმა მანამდე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაცია კლინიკის მოთხოვნით მიაწოდა. მისივე თქმით, მეგი ბაქრაძის შეუძლოდ გახდომის დროს ადგილზე იყო და ადრენალინიც დროულად გაუკეთა. მოგვიანებით კი, პოლიციაში ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია. ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ის დაკვეთაზე მიუთითებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს. პროკურატურის თანახმად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ბრალდებულმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ნახა, ის ვალდებული იყო, მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, „არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.“ მას ასევე ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაყოვნების ოთახი დატოვა, დადგენილი არ არის და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე ექიმს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა ბრალდებულს გასული წლის დეკემბერში 4000-ლარიანი გირაო შეეფარდა.